ხელოვნება სიკეთეს ემსახურება

თბილისში გამართულ ფოტოგამოფენათა შორის ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ გამოფენად უდაოდ ანა გოგუაძის ,,ფერები მონაფერები” იქცა.

გამოფენა ლიკა თავართქილაძის ორგანიზატორობითა და თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის, კომპანია ,,ელიტ ელექტრონიქსისა” და ,,სახალხო ბანკის” მხარდაჭერით გაიმართა.

ფოტოსერიის თემატიკისთვის ავტორმა ადამიანის ხელები აირჩია. ნეიტრალურ ფონზე მოცემული ხელებით შექმნილი თითოეულ კომპოზიციაში გარკვეული განწყობა აირეკლება. მთლიანად სერიას კი ანას მიერ მისთვის წოდებული სახელის შესაბამისი სითბო აერთიანებს. ფოტოები მნახველთ ჟესტების ენაზე ესაუბრებიან და მათში ფოტოგრაფის მიერ ჩაქსოვილ ნააზრევზე ნათლად მეტყველებენ.

,,ხელები ბევრ ფოტოგრაფს აქვს გადაღებული. თუმცა მე მინდოდა ჩემეული ხედვა გადმომეცა ფოტოებში. რადგან ხელები სითბოსთან, შეხებასთან ასოცირდება, ხოლო სიტყვა ფერები ხელებთან ირითმება, სერიას სახელი ,,ფერები მონაფერები” აქედან გამომდინარე ვუწოდე” – ანა გოგუაძე.

,,ანის უკვე რამოდენიმე წელია ვიცნობ. გარდა იმისა, რომ ანი ძალიან ნიჭიერია, იგი საოცარი სულის ადამიანია, სიკეთით სავსე. უნდა აღვნიშნო, რომ ანი ძალიან გაიზარდა პროფესიული თვალსაზრისით, რაც მის ნამუშევრებში ნათლად აისახა. მინდა წარმატება ვუსურვო მას” – ირმა სოხაძე, მომღერალი.

საინტერესო შინაარსობრივი დატვირთვის გარდა, გამოფენა საქველმოქმედო ხასიათის მატარებელიცაა. წარმოდგენილი ნამუშევრების შესყიდვის შემთხვევაში თანხა გიორგი მთაწმინდელის სახელობის ახალგორის ობოლ და მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სახლს გადაეცემა.

ბავშვობიდან მხატვრობისა და ფოტოგრაფიის ნიჭით დაჯილდოვებული ანა გოგუაძეს შემოქმედება მჭიდროდ უკავშირდება ქველმოქმედებას და ეს ორი ცნება მის ცხოვრებაში ერთმანეთისგან უკვე დიდი ხანია არ იმიჯნება. არაერთი პრემიის მფლობელი ახალგაზრდა ხელოვანი 2006 წლიდან მოყოლებული ბავშვთა ქალაქ ,,მზიურში” ყოველწლიურად გამართული აქციის ,,მზის ზეიმის” ავტორი და ორგანიზატორია. აქცია საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში არსებული მზრუნველობა მოკლებულ ბავშვთა სახლების პატარა ბინადრებისთვის ზეიმის და კონკურსის მოწყობას ისახავს მიზნად.

ფოტოხელოვნების მოყვარულთ საშუალება ეძლევათ კინოთეატრ ,,ამირანში” 10 დღის განმავლობაში იხილონ გამოფენა და ინდივიდუალიზმით გაჯერებულ ნამუშევრებში გადმოცემული ემოციები გაიზიარონ.

წყარო ; ფოტო

Comments