მეგობრობა და მეგობრები

 

მეგობრობაზე დავწერ, მოგიყვებით, უბრალოდ განწყობა მაქვს ასეთი, მომინდა მეთქვა როგორია მეგობრობა რეალურად, ჩემთან, ჩემში!
7 წლის ვიყავი მამა დამეღუპა (89 წელს გაგანია 90-იანები აქტიურ ფაზაში რომ შედიოდა) ძალიან ბევრი გაჭირვება და აუტანელი ცხოვრება იყო, არც არასდროს მიცხოვრია დალხელინად, მამაჩემსაც არასდროს უძებნია ნავთობი, ჭა-ბურღილი რომ დაეტოვებინა, ან მაფიოზი არ ყოფილა რომ "დარმავოი" ფული ქონოდა, უბრალოდ კაცი იყო, ხუტუნიკოს ეძახდნენ, ცხოვრობდა ქუთაისისთვის, მეგობრებისთვის და ადამიანების გარემოცვაში;
ჰოდა როცა გარდაიცვალა დიდი ტრაგედია იყო პირველ რიგში დედასთვის, 32 წლის ახალგაზრდა ქვრივი ქალისთვის, ბევრი ჯაფა დააწვა რათქმაუნდა, თუმცა... მამაჩემის მეგობრებმა, "ბიჭებმა" (ასე ეძახდნენ ერთმანეთს ქუთაისისთვის არც თუ უბრალო საზოგადოების ნაწილი იყვნენ, ზომიანი, წონიანი, კაცური ავტორიტეტით... და დღემდე მეც ასე ვეძახი მათ, გამზარდეს, როგორც მათი ტოლი ისე მიმიღეს და...) გადაწყვიტეს დაგვხმარებოდნენ, ყოველ თვე თითო ტომარი პურის ფქვილი და თითო ტომარი შაქარი მოგვდიოდა სახლში, 98 წლამდე, როცა პირველი ხელფასი ავიღე 16 წლის ვიყავი, ხელფასის აღებისთანავე მოგვიტანეს ბოლო "ჰუმანიტარული დახმარება" და თან ოჯახურ გარემოში დავჯექით, სტანდარტულად, ერთის განსხვავებით, სალაპარაკო ქონდათ მათ ჩემთან, და დაიწყეს:
- აჩიკო,შენ უკვე დიდი ბიჭი ხარ, მუშაობ, საკუთარი შემოსავალი გაქვს და დღეიდან ჩვენ ვწყვეტთ ყველაფერს, აწი ოჯახს შენ უნდა მიხედოო.
ნუ ეს ამბავი გაუაზრებლად გამეხარდა, ბეჭებში გავიმართე, ყელი მოვიღერე და სამყაროს მფლობელი მეგონა თავი, თუმცა დროსთან ერთად უფრო მეტს ვფიქრობ და ვხვდები, რა არის მეგობრობა და რას ნიშნავს სწორი, გააზრებული და მართალი ურთიერთობა მეგობართან, მის ოჯახთან და რაც მთავარია მეგობრის პასუხისმგებლობა რამხელა განძია, არავინ იცის ამ შეხვედრის მერე რამდენად სწორად ვიმოქმედებდი საკუთარი "გაუაზრებელი უპასუხისმგებლობებით".
ამის შემდეგ (ნუ მანამდეც) 40 წლის ხალხი (მამა 40-ის იყო რომ გარდაიცვალა) ყველა თავიანთ შეკრებაზე მე ვიყავი "ხუტუნიკოს შვილი" თუმცა "ბიჭების" 7 წლის ძმაკაცი, რომლებიც მასწავლიდნენ, ქუთაისის პატივისცემას, მეგობართან ურთიერთობას, პასუხისმგებლობას მეგობრის ოჯახის მიმართ, მეგობრის სიყვარულს, ყველა სწორ და კარგ ნაბიჯს მეგობართან ურთიერთბის.
სიამაყით მახსენდება ყოველთვის ის რომ მამაჩემი არასდროს ეძებდა ნავთობის ჭაბურღილებს, პირიქით იხარჯებოდა სიყვარულისთვის, სიკვდილის წინა დღეს, მამა ნასვამია და სახლში როცა ვბრუნდებოდით, ტაქსით დედაჩემს ეუბნებოდა კიდეც, (სულ ეს ფრაზა მახსენდება),
- მარი ჩვენ ბევრი არაფერი გვაქვს მაგრამ, რაც გვაქვს იმას ვთესავ ახლა და როცა აღარ ვიქნები ჩემი შვილები მოიმკიანო... მეორე დღეს მამა გაარდაიცვალა 15 ოქტომბერს.


Comments