პირველ რიგში, შეგვხვდა საზოგადოებრივი პოლარიზაციის წარმატებული სტრატეგია, რომელმაც ერი ორ, შეურიგებელ ნაწილად გახლიჩა. ეს იყო ფსიქოლოგიური იარაღი, რასაც მოჰყვა უნდობლობისა და ნიჰილიზმის დანერგვა — მყარი, სტაბილური ნიადაგის მოსპობა, რომელზეც ეროვნული თანხმობა დგას.
სამწუხაროდ, ამას დაერთო სახელმწიფოსა და საზოგადოების მართვის ახალი, დეგრადირებული ნორმის დამკვიდრება: თანამდებობის პირთათვის "ყოვლადობის" უფლების მინიჭება და კორუფციის ინსტიტუციონალიზაცია, რაც "ქართული ჯიგრული პონტის" ფარდის მიღმა გატარდა. ეს სისტემური მანკიერება, რუსული კულტურული და პოლიტიკური გავლენის აქტიურ შემოდინებასთან ერთად, იქცა ეროვნული ინტერესების შემლახველ მუდმივ საფრთხედ.
ხელისუფლება არ გაჩერებულა ორად გაყოფილ საზოგადოებაზე. მან მიზანმიმართულად გააგრძელა ამ ნაწილების ფრაგმენტაცია და დაქუცმაცება, დაყოფილი კიდევ უფრო დაყო, რათა ეროვნული კონსოლიდაციის ნებისმიერი მცდელობა თავიდანვე დაეშალა. ეს კლასიკური ტაქტიკაა: "გათიშე და იბატონე", რომელიც უზრუნველყოფს, რომ არ შეიქმნას ძლიერი მონოლითი, რომელსაც შესაძლოა შეასკდეს მმართველი ძალა.
ჩვენში ღრმად ჩადებული სამწუხარო, ეროვნული თვისება, "გენერლობის სინდრომი" (ყველას სურვილი, იყოს ლიდერი და არ დაემორჩილოს), ამ შემთხვევაშიც, რუსული ინტერესებისა და მათი ადგილობრივი ხელდასმულების მიერ ეფექტურად იქნა გამოყენებული. ყველაზე გულსატკენია სახელმწიფოს მართვის ზებრასთვის, პინგვინისა და ვირთხისთვის ("ფერმიდან") გადაბარება, რაც სიმბოლურად გამოხატავს მმართველობითი რესურსის კატასტროფულ დეგრადაციას და მიზანმიმართულ ნგრევას იმ საძირკვლისა, რომელიც საუკუნეების მანძილზე შენდებოდა.
ტრაგედია ვრცელდება პირად ურთიერთობებზეც: ოჯახის წევრებისა და მეგობრების გადაკიდება ერთმანეთზე — საზოგადოების ფუნდამენტური უჯრედების დაშლა. ურთიერთობა შხამიანი გახდა, სადაც სარკაზმული იუმორით კბენა და უხეში გინება პასუხობს ერთმანეთს, მხოლოდ იდეური განსხვავების გამო. იდეისა და იდეალის მსახურება დღეს სასაცილო გახდა, რითაც პარალელები ივლება მე-20 საუკუნის დასაწყისის ტრაგედიასთან, როდესაც იუნკერების გმირობას დასცინოდნენ.
"ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი?" — ეს სარკასტული შეკითხვა ტკივილით აღსავსე რეალობას ააშკარავებს. ჩვენი სარკასტული დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ არის ის საწვავი, რითაც "რუსული ოცნება" და ქართული გვარის მქონე რუსები იკვებებიან.
ყველაზე არსებითი დანაკარგი ნდობაა. ნდობა, რომელიც ჩვენი საზოგადოების მამოძრავებელი ძალა იყო, ახლა მიზანმიმართული განადგურების ობიექტია. ეს ეტაპები, რომლებსაც დღეს გავდივართ, უმცროსებო და უფროსებო, არის სახელმწიფოს დეზინტეგრაციის კლასიკური სახელმძღვანელო. პარალელები გასავლებია, ისტორია მასწავლებელია.
ჩვენ არ გვაქვს უფლება, დავკარგოთ ის, რაც საუკუნეების განმავლობაში შევინარჩუნეთ.
ეს არის მოწოდება არა პოლიტიკური პარტიის, არამედ ადამიანისადმი — ქართველისადმი:
გაჩერდით! შეწყვიტეთ ერთმანეთისთვის ტკივილის მიყენება! იმ მომენტში, როდესაც თქვენ სარკასტულად ესვრით სიტყვებს თქვენს მოძმეს, თქვენ ამით რუსულ იმპერიალიზმს აძლიერებთ. თქვენი ძალის ერთადერთი წყარო არის არა მტერი, არამედ ერთმანეთის უანგარო სიყვარული და ნდობა. აღადგინეთ ურთიერთპატივისცემა და მიუხედავად იდეოლოგიური განსხვავებისა, გახსოვდეთ: საქართველო უფრო დიდია, ვიდრე ნებისმიერი პარტია.
საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დავამარცხებთ ჩვენში ჩაბუდებულ უნდობლობას და ჩავეხუტებით ერთმანეთს, როგორც მოძმეს, როგორც უკანასკნელ იმედს.
#რუსეთიმტერია
#ქოცირუსია
Comments