"გაუღიმეთ ქუთაისს" - ნუ მოკლავთ ქალაქს (აქცია)

შეუერთდით აქციას და დაუგზავნეთ ელ-ფოსტაზე მეგობრებს მომღიმარი კაცუნა...
ან ჩაერთეთ დისკუსიაში ფორუმზე... ვრცლად...


ქუთაისი:

– უძველესი ქართული ქალაქი, რომლის ისტორიული მნიშვნელობა ერის ნაციონალური თვითშეგნების ფორმირებაში, ქვეყნის კულტურულ განვითარებაში, მართლაც უდიდესია,

- ქვეყნის სახელოვანი სპორტული ტრადიციების სამჭედლო ჭადრაკში, რაგბში, ჭიდაობაში, ფეხბურთში და მრავალ სხვა სახეობაში,

- ძველი კოლხეთის ცენტრი, რომლის სახელსაც უკავშირდება მითი ოქროს საწმისზე, მედეაზე, არგონავტებზე,

- ქართული ქალაქური სიმღერის აკვანი, რომელსაც მგოსანმა სავარდო და სამაისო ქალაქი უწოდა...

დღეს ჩვენი ქალაქი მძიმე და არასახარბიელო მდგომარეობაში იმყოფება, მიუხედავად იმისა, რომ:

- წარმოადგენს საქართველოს მეორე ქალაქს ტერიტორიისა და მცხოვრებთა რაოდენობის მიხედვით,

- ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა, სარკინიგზო და ავტო მაგისტრალები, ორი აეროპორტი განაპირობებს ქალაქის, როგორც ბუნებრივი ინფრასტრუქტურული ცენტრის ფუნქციას ქვეყნის დასავლეთ ნაწილში,

- ქალაქისა და მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს იუნესკოს პატრონაჟის ქვეშ მყოფი ორი ძეგლი - ბაგრატის ტაძარი და გელათის სამონასტრო კომპლექსი, არის უნიკალური კარსტული მღვიმეები,

- საბჭოთა პერიოდიდან ჯერ კიდევ შემორჩენილი ტექნიკური პოტენციალი და პროფესიული რესურსი კვალიფიციური ინჟინრების, მენეჯერების, მუშების სახით.

მიგვაჩნია, რომ ჩვენი ქალაქის ისტორიიდან და მისი პოტენციალიდან გამომდინარე, მიუღებელია ქუთაისის დღევანდელი მდგომარეობა და აუცილებელია იმის მიღწევა, რომ:

- ცენტრალურმა და ადგილობრივმა ხელისუფლებებმა ხელი შეუწყოს ქუთაისში საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებასა და მეწარმეობის გამოცოცხლებას (კონკრეტულ სფეროებში პროტექციონისტული საგადასახადო რეჟიმის უზრუნველყოფით, რეგიონალური ეკონომიკური ფორუმების გამართვით და ა.შ.),

- ქუთაისი იქცეს საქართველოში საერთაშორისო მასშტაბის კულტურული, სპორტული ღონისძიებების ერთ-ერთ ცენტრად,

- შემუშავდეს და ამოქმედდეს ქუთაისის ტურისტულ ცენტრად ჩამოყალიბების სახელმწიფო კონცეფცია (შესაბამისი ინფრასტრუქტურისა და მომსახურების სფეროს თანმდევი განვითარებით),

- როგორც დეცენტრალიზაციის ერთ-ერთი აუცილებელი მდგენელი – ქუთაისში
განთავსდეს რამდენიმე ცენტრალური სახელმწიფო უწყება.

მიზნის მისაღწევად პირველ რიგში საჭიროა იმ ადამიანების გაერთიანება, რომლებსაც გვაქვს დღევანდელი მდგომარეობის შეცვლის სურვილი, გაგვაჩნია ამბიცია, რომ შევძლებთ ამას და უბრალოდ, გვიყვარს ჩვენი ქალაქი.
ყველას, ვისთვისაც სულ ერთი არ არის ქუთაისელების საერთო გულისტკივილი, გთხოვთ შემოუერთდეთ წინამდებარე კომუნიკეს, გამოხატოთ თქვენი მხარდაჭერა და პოზიცია, რათა ერთად შევიმუშავოთ სამოქმედო გეგმა და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა მოვთხოვოთ ადგილობრივ ხელისუფლებას, ქვეყნის პრეზიდენტს, პარლამენტსა და მთავრობას.


Comments

Dv0rsky said…
განვაახლე ჩემი პოსტი ბლოგზე და დავლინკე აქეთ :)
Apachi said…
madloba madloba madloba