ქუთაისი – ტფილისი

გიგო მესხია


ქარებიდან – ქარებამდე

ტფილისი და ქუთაისი ძველი, მაგრამ ცოცხალი თემაა. ამ ორი სახელის ურთიერთობაში იმხელა ისტორიული შინაარსი დევს, რომ ამ შინაარსის გარეშე ძნელი წარმოსადგენია ქართული ისტორია. ყოველი ქუთაისელი, რომელიც პირველად ჩამოდის დედაქალაქში, გაოცებულია ხოლმე ტფილისის თავისებურებით, დაწყებული არქაული პეიზაჟიდან, ადამიანებით დამთავრებული, სრულიად უცხო ადამიანებით. აი მაგალითად, ქუთაისში წარმოუდგენელია ასეთი ვინმე ნახოთ:

ან ასეთი:

ეს მხოლოდ აქ, ამ ვეშაპის პოლისშია შესაძლებელი. სწორედ ამიტომააა, ქუთაისლები ამდენ სისხლს რომ ღვრიან ხოლმე ტფილისელი „უჯიშო“ დარდიმანდებისას და ერთურთის უკუღმა მყვარებლებისას.
გახსოვთ ალბათ, არტემ გეშაქოვი წერს მოგონებებში ოთხი იმერლის შესახებ, თავიანთი მამიდის გასვენებაზე რომ ჩამოსულან ტფილისში და სუ ცხვირ–ყურები რო დაუთლიათ კუკიის ერთ დუქანში ქალაქელებისთვის, მერე კი დამჯდარან ეტლზე და „კივილით, შეგინებით და ცაში თოფის სროლით წასულან. ერთხელ მოვალთ, ულვაშს დაგპარსავთ ყველასო.“
ეს ერთი კერძო ამბავია, სხვა მრავალი გვაქვს მსგავსი. თუმცა ამის მიუხედავად, ტფილისში მეტია სულიერება, იმიტომ, რომ ცოდვაა მეტი. აქ, სადაც არ გაიხედავ, ეკლესია–გუმბათი მოჩანს, ჩაუხვევ – ჩაიბრწყინვებს, აუხვევ – აიბრწყინვებს. სამაგიეროდ გული და ამბორი ქუთაისში მეტია. ტფილისი ფიქრობს, სასაფლაობზე დადის, სასაფლაოები მისთვის „მშვენიერი გამოგონებაა“, სასაფლაოები აუცილებელია, რათა მოკვდავმა ადამიანმა დროგამოშვებით იმაში თავისი ცხოვრება წაიკითხოს. ესაა ბედკრულის ნუგეშინისცემა და დასასრული ბედნიერებისა, ამავე დროს ფიქრი თრობის გარეშე. ქუთაისში კი საფლავზე მთვრალები მიდიან, ხშირად ეშმაკობებსაც იგონებენ სასაფლაოს ღრეობების შემდეგ. საკმარისია ერთი რომელიმე ნამთვრალევი და მჟავე ცოლიკოურით გამომტყვრალი წაიქცეს საფლავებს შორის, რომ მეორე დღესვე რაღაცას მოიგონებენ. დასხდებიან ნაბახუსევით განათლებული სახით და დაიწყებენ: „სამოთხეში გახლდით. მთელი სამოთხე შემოვიარე. მამაჩემს გაუგია რომ მივდიოდი და ჩემს შესახვედრად ლხინი გაუმართავს....“

"არილი", 1927.

სრულად: http://www.radiotavisupleba.ge/content/blog/1904913.html

Comments